მეივეზერისა და ალვარესის რევანშის ფასი 1.5 მილიარდი დოლარი იქნება
მეივეზერისა და ალვარესის რევანშის ფასი 1.5 მილიარდი დოლარი იქნება

საშუალო წონაში „ვი-სი-ბი“-სა (WBC) და „ვი-ბი-ეი“-ის (WBA) ტიტულების მფლობელის საულ ალვარესის პრომოუტერმა, ლეგენდარულმა ოსკარ დე ლა ჰოიამ განაცხადა, რომ მის კლიენტსა და ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს შორის მატჩრევანშმა, შესაძლოა, 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება მოიტანოს.

„ფლოიდმა დაასრულა კარიერა, მაგრამ თუ ის დაბრუნებას მოინდომებს, უნდა შეწყვიტოს ორთაბრძოლები ორი წონით ქვემოთ მყოფ მოწინააღმდეგეებთან. დაბრუნების შემთხვევაში, მისი ბრძოლა ალვარესთან 1.5 მილიარდი ეღირება“, – განაცხადა დე ლა ჰოიამ „ბოქსინგ სინთან“ (Boxing Scene) კომენტარში.

მეივეზერსა და მექსიკელ ალვარესს შორის ორთაბრძოლა 2013 წელს გაიმართა. მაშინ ამერიკელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და დაახლოებით 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეივეზერმა კარიერა 2017 წლის აგვისტოში დაასრულა.

ცნობილია, რომ საულ ალვარესი თავის მომდევნო ბრძოლას ოთხ მაისს, ლას ვეგასში გამართავს. მისი მეტოქე იქნება „აი-ბი-ეფ“-ის (IBF) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი დენიელ ჯეიკობსი.