მეგლენა კუნევა - საქართველომ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა ყველა გარემოებაში, ეს თანხვედრაშია ევროკავშირის პოზიციასთან
მეგლენა კუნევა - საქართველომ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა ყველა გარემოებაში, ეს თანხვედრაშია ევროკავშირის პოზიციასთან

ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენი თავმჯდომარეობის ვადა დასასრულს უახლოვდება. ევროკავშირის სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა და წარმატებები, – ასე მიმართა ქართულ დელეგაციას ევროსაბჭოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მეგლენა კუნევამ.

მისი თქმით, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის დიდი ნაწილი „კოვიდ 19“-ის პანდემიის შედეგად შექმნილ უპრეცედენტო სიტუაციაში წარიმართა.

როგორც კუნევამ აღნიშნა, მიუხედავად ამისა, საქართველომ შეძლო ეფექტიანი ხელმძღვანელობა და აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა ყველა გარემოებაში.

„თქვენ შეძელით ეფექტიანი ხელმძღვანელობა და აჩვენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა ყველა გარემოებაში. ეს თანხვედრაშია ევროკავშირის პოზიციასთან და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც მხარს უჭერს აღნიშნულ ღირებულებებს და ასახავს მოქმედების გზას კოვიდის კრიზისის შედეგად შექმნილ განსაკუთრებულ და უჩვეულო პირობებში. დიდ მიღწევას წარმოადგენდა ასევე თქვენი თავმჯდომარეობის აქცენტი გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებზე და ასევე ის, რომ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება დამატებით პროცედურასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საპასუხოდ. მადლობა ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ განვაგრძობთ ერთად მუშაობას“, – განაცხადა ევროსაბჭოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა.