მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმისა და ექთნის ადვოკატი აცხადებს, რომ მედიკოსებმა ნერვიულობისა და სტრესის გამო იცრუეს
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმისა და ექთნის ადვოკატი აცხადებს, რომ მედიკოსებმა ნერვიულობისა და სტრესის გამო იცრუეს

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმისა და ექთნის ადვოკატი შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ მედიკოსებმა ნერვიულობისა და სტრესის გამო იცრუეს. ადვოკატის განცხადებით, სინამდვილეში ექთანს ადრენალინი გაუკეთდა, თუმცა არა ვიოლეტა ინასარიძის მიერ, არამედ რეანიმატოლოგის თანაშემწის მიერ.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა თავად მიმართა გამოძიებას და თქვა, რომ პირველ ჩვენებაში არასწორი ინფორმაცია ჰქონდა გაჟღერებული.

„მე ვიცავ ქალბატონ ვიოლეტას და ქალბატონ თეას. სრულად ჯერ მასალებს არ გავცნობივარ, მოცულობითია. მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. ადრენალინი გაკეთდა. ეს მოხდა სხვა ექიმის მიერ და არა იმ ექიმის მიერ, რომელმაც თქვა, მე გავაკეთეო. ეს იყო სიცრუე, მეტი არაფერი. აქ რაც ხდებოდა იმის გამო, რომ დაძაბული სიტუაცია იყო, დამტვრეული იყო ყველაფერი, ხალხის ცემა, შეშინებულები იყვნენ. მერე თითონ მიმართა გამოძიებას და უთხრა, მე ასე ვერ ვიქნები, შინაგანად ვერ ვითმენო. წავიდა და უთხრა, ეს ასე იყო სინამდვილეშიო. შედეგზე ამას გავლენა არ მოუხდენია. თითონ უთხრა გამოძიებას, მე არასწორად მოვიქეცი ასე რომ ვთქვიო. ბექას და თეას მხოლოდ კოლეგიალური დამოკიდებულება ჰქონდა. იძულებას კლინიკის მხრიდან არ ჰქონია ადგილი, როგორ გეკადრებათ. ბექა იქ იყო და ბექამ გაუკეთა ადრენალინი. ქალბატონი ვიოლეტა ნახევარი საათი, პროტოკოლი როგორც ითვალისწინებდა, იქ იყო. ამის შემდეგ, რომ წავიდა, იქ უკვე ბექა იყო. გამოძიება მიმდინარეობს და დანარჩენს გაიგებთ. ვიოლეტას ტყუილი მხოლოდ ისაა, რომ თქვა, მე გავაკეთეო, სინამდვილეში მან კი არა, ბექამ გაუკეთა“,- განაცხადა ადვოკატმა შალვა გოგოლაძემ.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებმაც ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

პროკურტურის ცნობით, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები, აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის  ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ.