მედიკოსი ნანა დემურია - თბილისის აეროპორტში ამ დრომდე შვიდი მგზავრი შევამოწმეთ, არც ერთ მათგანთან ტემპერატურის მატება არ დაფიქსირებულა
მედიკოსი ნანა დემურია - თბილისის აეროპორტში ამ დრომდე შვიდი მგზავრი შევამოწმეთ, არც ერთ მათგანთან ტემპერატურის მატება არ დაფიქსირებულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დროისთვის შევამოწმეთ შვიდი მგზავრი, ტემპერატურის მატება არც ერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ მედიკოსმა, ნანა დემურიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მედიკოსთან ჯგუფმა, რომელიც დისტანციური თერმომეტრის საშუალებით ჩამოფრენილ მგზავრებს კორონავირუსთან დაკავშირებით თერმოსკრინინგს უტარებს, შემოწმება გუშინ დაიწყო. მისივე თქმით, ამოწმებენ მგზავრებს, ვისაც ჩინეთი აქვს გამოვლილი, ან რაიმე შეხება თუ ჰქონდა კორონავირუსთან.

კონკრეტული შემთხვევა არ მომხდარა, გუშინ უკვე დაიწყო პაციენტების შემოწმება, კერძოდ, ვისაც აქვს გამოვლილი ჩინეთი, ან თუ ვინმეს ჰქონდა შეხება კორონავირუსთან, მაგრამ ჩინეთიდან ჩამოსულ არც ერთ მგზავრს არ ჰქონია შეხება კორონავირუსთან.

სიცხიანობა არ ყოფილა. ერთი იყო სიცხიანი მგზავრი, რომელსაც ჰქონდა თირკმლის დაავადება. ჯერ ეჭვი არავისზე არ გვაქვს, გადამოწმების საჭიროება არ არის. ველოდებით დღესაც რეისებს, კერძოდ ჩინეთს.

არ ვამოწმებთ მხოლოდ ჩინეთიდან ჩამოფრენილ მგზავრებს, არის ვთქვათ, ტრანზიტი – ჩინეთი-გერმანია, ჩინეთი-სტამბოლი, უბრალოდ უშუალოდ ვისაც ჩინეთთან ჰქონდა შეხება, მათ ვამოწმებთ“,- აცხადებს დემურია.

მისივე თქმით, დღეს ჩინეთიდან ხუთ მგზავრს ელოდებიან.

კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. საფრანგეთის რეისი არ ყოფილა. დღეს ველოდებით კერძოდ ჩინეთიდან, როგორც მითხრეს ხუთ მგზავრს. პირველ რიგში ჩვენ ვზომავთ ტემპერატურას, ვეკითხებით, თუ ჰქონდათ შეხება ჩინეთთან. რა თქმა უნდა, რეკომენდაციები გვაქვს ყველა ენაზე.

ამ დროისთვის შევამოწმეთ შვიდი მგზავრი, არც ერთთან არ დაფიქსირებულა ტემპერატურის მატება. სიმპტომები არის ხველება, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება. დღესდღეობით ამ სიმპტომებით უნდა შევამოწმოთ მგზავრები. თუ მგზავრს დაუდგინდა აღნიშნული სიმპტომები, გადაგვყავს ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც უკვე მასშტაბური კვლევა ჩაუტარდება და შესაბამისი მკურნალობა“,- აცხადებს მედიკოსი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიკოსთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც დისტანციური თერმომეტრის საშუალებით ჩამოფრენილ მგზავრებს კორონავირუსთან დაკავშირებით თერმოსკრინინგს უტარებს.

კერძოდ, მედიკოსები თერმომეტრის შუბლზე დამიზნებით იგებენ მგზავრის ტემპერატურას. თუ ტემპერატურა 38 გრადუსს მიაღწევს, ის რისკჯგუფში შემავალ პირად ჩაითვლება და მას ეპიდემიოლოგთან გადაამისამართებენ.