მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაცია შესაძლოა, აიკრძალოს
მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაცია შესაძლოა, აიკრძალოს

ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორი ვალდებული იქნება, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასად არ განახორციელოს. შესაბამისი ცვლილებები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

კანონპროექტი ადგენს მინისტრის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები. ასევე, განსაზღვროს მედიკამენტები, რომლებზეც გავრცელდება ფასის სახელმწიფო რეგულირება და განსაზღვროს მათი რეფერენტული ფასები.

ცვლილებებით, იკრძალება მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაცია და განისაზღვრება აღნიშნულზე პასუხისმგებელი პირები და ადმინისტრირების ზომები.

ამასთან, კანონპროექტი ადგენს ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულებას, დაადგინოს რეფერენტული ფასები, უზრუნველყოს ფასების ოფიციალური კატალოგის წარმოება და საჯაროობა. ასევე, დგინდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვალდებულება, განახორციელოს ფასების ზედამხედველობა. საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ფასზე მაღალი ფასით რეალიზაციის შემთხვევებისთვის (რეფერენტული ფასით რეალიზაციის ვალდებულება არ ეხება იმპორტთან, ექსპორტთან ან რეექსპორტთან დაკავშირებულ ოპერაციებს) დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.

კერძოდ, პროექტით, ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საბითუმო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 22 500 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 45 000 ლარის ოდენობით.

მთავრობა აღნიშნული ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს.