მედიის მიერ გავრცელებული გამოკითხვების მიხედვით, უნგრეთის ოპოზიციურ პარტია „ტისას“, „ფიდესთან“ შედარებით, მეტი მხარდაჭერა აქვს
მედიის მიერ გავრცელებული გამოკითხვების მიხედვით, უნგრეთის ოპოზიციურ პარტია „ტისას“, „ფიდესთან“ შედარებით, მეტი მხარდაჭერა აქვს

წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგად, უნგრეთის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია „ტისას“ ამომრჩეველთა 56% უჭერს მხარს, მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია „ფიდესს“ კი – 37%, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კვლევით ცენტრ 21 Research Centre-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

21 Research Centre-მა გამოკითხვა 23-დან 28 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1 500-მა ადამიანმა.

„როიტერის“ ცნობით, მარტის დასაწყისში „ტისას“ მხარდამჭერთა პროცენტული წილი 53-ს შეადგენდა, „ფიდესის“ კი – ’39-ს.

როგორც სააგენტო წერს, ჯერ კიდევ მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რიცხვი, რამაც შესაძლოა, არჩევნების ბედი შეცვალოს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა დაახლოებით 26%-მა არ იცის, ვის დაუჭერს მხარს.

„როიტერის“ ცნობით, გამოკითხვა ასევე ჩაატარა Zavecz Research-მა, რომელიც 24-დან 28 მარტამდე პერიოდს მოიცავს. გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 51% „ტისას“ უჭერს მხარს, 38% კი – „ფიდესს“. გამოკითხულთა დაახლოებით მეხუთედმა განაცხადა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემს ხმას. Zavecz Research-მა სულ 1 000 რესპონდენტი გამოკითხა.

ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ორივე კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ულტრამემარჯვენე პარტია „ჩვენი სამშობლო“ (Mi Hazank), შეიძლება, იყოს ერთადერთი სხვა პარტია, რომელიც, „ტისასა“ და „ფიდესის“ გარდა, პარლამენტში შესასვლელად საჭირო ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს.