მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ზოგადად შეთანხმდნენ ევროკომისიის გეგმაზე გაზის მოხმარების შემცირების შესახებ, მაგრამ იქნება არაერთი გამონაკლისი
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ზოგადად შეთანხმდნენ ევროკომისიის გეგმაზე გაზის მოხმარების შემცირების შესახებ, მაგრამ იქნება არაერთი გამონაკლისი

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ზოგადად შეთანხმდნენ ევროკომისიის გეგმაზე გაზის მოხმარების შემცირების შესახებ, მაგრამ იქნება არაერთი გამონაკლისი, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმება ოფიციალურად უნდა დადასტურდეს დღეს, ბრიუსელში, ენერგეტიკის მინისტრების სპეციალურ შეხვედრაზე.

როგორც მედია წერს, შეთანხმებამ უნდა შეამციროს რისკები, რომლებიც შეიძლება, წარმოიშვას რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის გამო. ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული გეგმა ითვალისწინებს ეროვნული მოხმარების ნებაყოფლობით შემცირებას 15 პროცენტით, 2022 წლის პირველი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე.

მედია ასევე იუწყება, რომ კომისიის პირველ პროექტთან შედარებით, ბევრი შესაძლო გამონაკლისი არსებობს. გამონაკლისები ასევე უნდა ითვალისწინებდეს, რომ ქვეყნებს, როგორიცაა კვიპროსი, მალტა და ირლანდია, არ მოეთხოვებათ გაზის დაზოგვა იქამდე, ვიდრე ისინი პირდაპირ არ დაუკავშირდებიან სხვა წევრი სახელმწიფოს გაზის ქსელს.

გაზის მოხმარების შემცირების ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი და პოლონეთი.