მედიის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო ავტობუსებს, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები
მედიის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო ავტობუსებს, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები

ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო ავტობუსებს, რომლებითაც ბავშვები ჰუმანიტარული დერეფნებით გადაჰყავდათ, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ძალიან რთული იყო შეტაკების ხაზის გადაკვეთა, რადგან ცეცხლი არ წყდებოდა. ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ ადამიანების გაყვანას და მათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში დაბრუნებას. დღეს რთული დღეა, კვლავ იტანჯებიან ბავშვები. ოთხი ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში. სამი ბავშვი დაშავდა პოლოგოვსკის რაიონში გახსნილი ცეცხლის შედეგად. ოჯახი მარიუპოლიდან მიდიოდა, თავის გადარჩენას ცდილობდნენ. ერთი ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. ეს მხეცები ბავშვებთან ომს განაგრძობენ. მათ ყველაფერს მოუწევთ პასუხისგება. თითოეულ ბავშვზე. თითოეულ სიცოცხლეზე“, – ამბობს სტარუხი.

უკრაინის ჯარების სამხრეთის დაჯგუფების მეთაურობის ცნობით, რუსმა სამხედროებმა დასახლებულ პუნქტ მალინოვკაში ცეცხლი გაუხსნეს ორ ავტომობილს მშვიდობიანი მცხოვრებლებით, რომლებიც ჰუმანიტარული დერეფნით დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან თავის დაღწევას ცდილობდნენ.

დაშავებულია ორი ბავშვი, ასევე სამი ქალი და ერთი კაცი.