მედიის ინფორმაციით, „ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციების გამო, საფრანგეთმა ერთ წელში 2,5 მილიარდი ევრო დაკარგა
მედიის ინფორმაციით, „ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციების გამო, საფრანგეთმა ერთ წელში 2,5 მილიარდი ევრო დაკარგა

საფრანგეთმა „ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციების გამო, ერთ წელში 2,5 მილიარდი ევრო დაკარგა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

მანიფესტაციების დროს მომხდარი არეულობების შედეგად დაზარალებულმა ასობით სავაჭრო კომპანიამ და მცირე ბიზნესის წარმომადგენელმა მთავრობისგან დახმარება ითხოვა. კერძოდ, დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, მათ გადასახადის დროებით გაუქმება მოითხოვეს. ეს კი ხელისუფლებას საერთო ჯამში, 460 მილიონი ევრო დაუჯდა.

პარალელურად, სადაზღვევო კომპანიებმა დემონსტრაციების დროს დაზარალებულ მცირე ბიზნესის 13 ათას წარმომადგენელს კომპენსაციის სახით, საერთო ჯამში, 230 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციების დაწყების შემდეგ მომსახურების სფეროს 75 ათასი წარმომადგენელი უმუშევარი დარჩა. მანამდე, ისინი სატრანსპორტო, ვაჭრობის და სასტუმროს სექტორებში იყვნენ დასაქმებულები.

ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო. აქციის მონაწილეები გადასახდების გაზრდას და საწვავზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. თუმცა მალევე მოთხოვნები გაიზარდა. უქმე დღეს დაგეგმილი ტრადიციული დემონსტრაციები ხშირ შემთვევაში აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებით და მასობრივი დაკავებებით სრულდებოდა.