მედიის ინფორმაციით, ყირგიზეთში აქციაზე დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა
მედიის ინფორმაციით, ყირგიზეთში აქციაზე დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ყირგიზეთში საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა.

„როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ თანამდებობას ტოვებენ გუბერნატორები. ქვეყნის პრეზიდენტი, სოორონბაი ჟეენბეკოვი აცხადებს, რომ რამდენიმე პოლიტიკური ძალა აქციის მონაწილეების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს.

ბიშკეკში საპროტესტო აქცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში დაიწყო. დემონსტრაციის მონაწილეები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს.

აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები გვიან ღამით პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შენობებში შეიჭრნენ.

ამასთან, ყირგიზეთის დედაქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის იზოლატორიდან გაათავისუფლლეს კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი. ატამბაევი ქვეყნის დედაქალაქში გამართული აქციის მონაწილეებსა და უწყების ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოიყვანეს შენობიდან.

საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში კვირას გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.