მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პუტინი მთელი უკრაინის დაკავებას ცდილობს და რომ „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“. ამის შესახებ უკრაინული მედია ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
არსებული ცნობებით, პუტინმა მაკრონს გამოუცხადა უფრო ფართო გადაწყვეტილების თაობაზე, გააგრძელოს შეტევა მთელ ქვეყანაზე „კონტროლის აღების მიზნით“.
როგორც მედია წერს, მხარეთა შორის გამართული საათნახევრიანი სატელეფონო საუბრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა მაკრონს განუცხადა, რომ „რუსული არმიის ოპერაცია მოსკოვის გეგმის მიხედვით ვითარდება“. პუტინის თქმით, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ, სიტუაცია დაიძაბება.
„პრეზიდენტი მაკრონი ელოდება უარესს იმის გათვალისწინებით, რაც მას პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა“, – აცხადებენ ელისეს სასახლის წყაროები.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ აპირებს უკრაინის „დენაციფიკაციას“, რასაც ომის დაწყებისთანავე აცხადებდა.
არსებული ცნობებით, პუტინმა მაკრონს რუსული პირობები დეტალურად გააცნო: „უპირველეს ყოვლისა, უკრაინის დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი, რათა არასოდეს იყოს საფრთხე რუსეთისთვის მისი ტერიტორიიდან“.
მედიის ინფორმაციით, პუტინმა ასევე უთხრა მაკრონს, რომ „ინფორმაცია კიევზე სარაკეტო თავდასხმების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“.
როგორც ცნობილია, მაკრონმა სატელეფონო საუბარი ჯერ პუტინთან გამართა, შემდეგ კი უკრაინელ ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა.