მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ჯო ბაიდენის და პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა
მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ჯო ბაიდენის და პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა

უკრაინაში ჯო ბაიდენის და პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პეტრო პოროშენკოს ადვოკატ იგორ გოლოვანზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, „მეხუთე არხთან“ ინტერვიუში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმეები პეტრო პოროშენკოს და ჯო ბაიდენის მხრიდან ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის საქმიანობაში სავარაუდო ჩარევას უკავშირდება. იგორ გოლოვანის თქმით, სისხლის სამართლის წარმოება დეპუტატ ანდრეი დერკაჩის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

მანამდე დერკაჩმა სავარაუდოდ პოროშენკოსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერების ოთხი ნაწილი გამოაქვეყნა, რაც, მისი თქმით, მოწმობს საერთაშორისო კორუფციასა და უკრაინის ყოფილი ლიდერის ღალატს. პოროშენკოს მტკიცებით, ეს ჩანაწერები გაყალბებული იყო.

გასული წლის მაისში, პეჩორის სასამართლომ უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისს გამოძიების დაწყება დაავალა ბაიდენის შესაძლო ჩარევაზე უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის საქმიანობაში. 10 ნოემბერს ეროვნულმა პოლიციამ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.

დატოვე კომენტარი