მედიის ინფორმაციით, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე სირიელი მიგრანტი მოკლეს
მედიის ინფორმაციით, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე სირიელი მიგრანტი მოკლეს

თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე სირიელი მიგრანტი მოკლეს. ინფორმაციას „ფრანს 24“, თურქეთის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ათასობით მიგრანტი საბერძნეთში შეღწევას, საბერძნეთის პოლიცია კი, მიგრაციული ნაკადის შეჩერებას ცდილობს. საბერძნეთის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. პირველი მარტის შემდეგ საბერძნეთის ეგეოსის კუნძულებამდე ნავებით სულ მცირე 1 000-მა მიგრანტმა მიაღწია. „ფრანს 24“-ის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერმა, სტელიოს პეტსასმა თქვა, რომ მიგრაციული ნაკადის ზრდა თურქეთის მიერ იმართება და მის მიერვე არის წახალისებული.

ბერძნული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მიგრანტის დაღუპვის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ვიდეო ყალბია. მიგრაციულ კრიზისთან გასამკლავებლად, საბერძნეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირი. ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით, ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელები, საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე გაემგზავრებიან.