მედიის ინფორმაციით, „თალიბანის“ თავდასხმების გამო ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათია დაწესებული
მედიის ინფორმაციით, „თალიბანის“ თავდასხმების გამო ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათია დაწესებული

ავღანეთის ხელისუფლებამ, დაჯგუფება „თალიბანის“ ახალი თავდასხმების გამო, ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის 33 პროვინციიდან 31-ში საღამოს 10:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე აკრძალულია გარეთ გასვლა.

საერთაშორისო კოალიციური ჯარების გასვლის ფონზე, დაჯგუფება „თალიბანმა“ ბოლო კვირების განმავლობაში სამთავრობო ძალებზე თავდასხმები გაახშირა. დაჯგუფების განცხადებით, ისინი ქვეყნის ტერიტორიის 90 პროცენტს აკონტროლებენ, თუმცა დამოუკიდებელი დამკვირვებლების ინფორმაციით, „თალიბანმა“ ავღანეთის მხოლოდ 50 პროცენტზე დაამყარა კონტროლი.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ქვეყნის ნახევარი ტერიტორიის კონტროლისა, ტერორისტულმა დაჯგუფებამ ვერც ერთი დიდი ქალაქის აღება ვერ შეძლო. დაჯგუფებამ კონტროლირებად ტერიტორიებზე ისლამური შარიათის უკიდურესად მკაცრი წესები შემოიღო, ხოლო ადგილობრივი წყაროები მათ მშვიდობიან მოსახლეობაზე არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.

ზოგიერთ პროვინციაში მათ ტყვედ აჰყავთ ხელისუფლების წევრების ნათესავები. „ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, თუ სამთავრობო ძალები კონტრშეტევაზე გადავლენ, შესაძლოა, შურისძიების მიზნით დაჯგუფებამ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა დაიწყოს.