მედიის ინფორმაციით, ტაჯიკეთ-ყირგიზეთის სასაზღვრო ზონაში შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა
მედიის ინფორმაციით, ტაჯიკეთ-ყირგიზეთის სასაზღვრო ზონაში შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის სასაზღვრო ზონაში შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. ტაჯიკური მედიის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად ორი ტაჯიკი მესაზღვრე დაიღუპა, 11 ადამიანი კი დაშავდა.

მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის ექვსი მესაზღვრე და ხუთი ადგილობრივი მცხოვრებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ტაჯიკი მესაზღვრე ყირგიზეთის მხრიდან სნაიპერული გასროლის შედეგად დაიღუპა.

14 სექტემბერს სროლა დაიწყო ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის ტაჯიკეთის ზუმრადი ისფარას თემის ტერიტორიაზე, რომელიც ყირგიზეთს ესაზღვრება. ადგილობრივი ხელისუფლება ყირგიზეთის მხრიდან ტერიტორიის დაბომბვაზეც ავრცელებს ინფორმაციას.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ინციდენტის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ყირგიზეთის ხელისუფლება მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.