მედიის ინფორმაციით, სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ იტალიელი წევრი დააკავეს
მედიის ინფორმაციით, სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ იტალიელი წევრი დააკავეს

სირიაში ქურთულმა „სახალხო თავდაცვის შენაერთმა“ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ იტალიელი წევრი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას Kurdistan 24 ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ქალაქ რაყასთან დაკავებული დაეშის წევრი ოჯახთან ერთად თურქეთში აპირებდა გადასვლას.

სამირ ბოგანა იტალიის მოქალაქეობის მქონე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პირველი წევრია, რომლის დაკავების შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი. ქურთული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, სამირ ბოგანა ამბობს, რომ სირიაში იტალიიდან სამი წლის წინ ჩავიდა, შემდეგ დაბრუნება გადაწყვიტა და დახმარების სათხოვნელად თურქეთში იტალიის საკონსულოში მიდიოდა.

ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამირ ბოგანა დაეშისთვის იარაღის გადაზიდვაზე იყო პასუხისმგებელი.