მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბრისას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობა განიხილეს
მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბრისას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობა განიხილეს

რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სერგეი ლავროვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს საუბრის მთავარი თემა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობა იყო.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.