მედიის ინფორმაციით, სარკინიგზო გზების დაბომბვის გამო, სლოვიანსკიდან და კრამატორსკიდან ხალხის ევაკუაცია ვერ ხერხდება
სლოვიანსკიდან და კრამატორსკიდან ხალხის ევაკუაცია ვერ ხერხდება, რადგან სარკინიგზო გზები დაიბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ უკრაინის რკინიგზის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა ავიადარტყმა მიიტანა სარკინიგზო ხაზზე სადგურ ბარვენკოვოსთან, დონეცკის რკინიგზა. ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ერთადერთი სარკინიგზო ხაზი, რომელიც მოდის ისეთი ქალაქებიდან, როგორციაა კრამატორსკი, სლოვიანსკი, ლიმანი“, – განაცხადეს უკრაინის რკინიგზის წარმომადგენლებმა.
შედეგად, კრამატორსკში და სლოვიანსკში დროებით ბლოკირებულია სამი საევაკუაციო მატარებელი.
პარალელურად, ხარკოვის ოლქის გუბერნატორი ავრცელებს ცნობას, რომ რუსმა სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს რამდენიმე დასახლების მიმართულებით, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 14.
ნიკოლაევის მერი ვიტალი კიმი კი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად აღადგინეს კონტროლი ნიკოლაევის ოლქზე. ამასთან, მისივე თქმით, რუსი ჯარისკაცები აგრძელებენ ნიკოლაევის დაბომბვას.