მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო ძალები ავღანეთში მაისის შემდეგ გეგმავენ დარჩენას, რაც აშშ-სა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება
მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო ძალები ავღანეთში მაისის შემდეგ გეგმავენ დარჩენას, რაც აშშ-სა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება

საერთაშორისო ძალები ავღანეთში მაისის შემდეგ გეგმავენ დარჩენას, რაც აშშ-სა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, ავღანეთში კოალიციური ძალების დარჩენის გეგმის შესახებ ინფორმაცია მას ნატო-ს ოთხმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა.

„აპრლის ბოლოსთვის მოკავშირეების მიერ ძალების სრული გაყვანა არ მოხდება“, – განუცხადა „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ.

რესპონდენტის თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლით პოლიტიკაში ცვლილებები შევა და ავღანეთიდან ძალების გაყვანის მეტად გათვლილი სტრატეგია შემუშავდება.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „თალიბანთან“ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში გააფორმა. შეთანხმება თალიბების მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესრულების სანაცვლოდ ავღანეთიდან მაისისთვის უცხოური ძალების სრულ გაყვანას ითვალისწინებს.

პრეზიდენტობის ბოლო თვეში დონალდ ტრამპმა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 2 500-მდე შეამცირა, რაც 2001 წლის შემდეგ ყველაზე ნაკლები რაოდენობაა. პენტაგონში აცხადებენ, რომ თალიბებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებიათ, თუმცა ვაშინგტონი პროცესის მხარდამჭერი რჩება და ჯარების რაოდენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ კოალიციური ძალების ავღანეთში მაისის შემდეგ დატოვებამ შესაძლოა, „თალიბანთან“ დაძაბულობა გაამწვავოს.

„ეჭვგარეშეა, რომ თუ დოჰაში მიღწეული შეთანხმება არ შესრულდება, ამას შედეგები მოჰყვება, რაზეც ბრალი ეკისრება მხარეს, რომელიც გარიგებას არ ასრულებს. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ ნატო იფიქრებს ამ ომის დასრულებზე და თავიდან აიცილებს ავღანეთში ომის გაგრძელებისთვის ახალი საბაბების ძებნას“, – განუცხადა „როიტერს“ „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.