მედიის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში შექმნილი ქაოტური ვითარების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა
მედიის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში შექმნილი ქაოტური ვითარების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა

მედიის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში შექმნილი ქაოტური ვითარების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

თვითმხილველთა განცხადებით, მათ დაინახეს ხუთი ადამიანის ცხედარი, რომელებიც მანქანაში გადაიყვანეს, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით გასროლას ემსხვერპლნენ, თუ ჭყლეტას.

მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნით ადრე აეროპორტში სროლის ხმა ისმოდა. ხალხის ნაკადის შესაჩერებლად აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომელზეც ქაბულის აეროპორტში არსებული არეულობაა ასახული. ადამიანები თვითმფრინავში ასვლასა და ქალაქის დატოვებას ცდილობენ.

ქაბულის აეროპორტიდან, ავღანეთში არსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლებისა და დამხმარე პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს. ქვეყნის დატოვებას ასობით მცხოვრებელიც ცდილობს.

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი გასულ დღეს დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.