მედიის ინფორმაციით, მოლდოვაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 50-მდე ადამიანი დააკავა
მედიის ინფორმაციით, მოლდოვაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 50-მდე ადამიანი დააკავა

მოლდოვაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 50-მდე ადამიანი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარტია „შორის“ ორგანიზებულ აქციაზე პრეზიდენტის გადადგომას, პარლამენტის დაშლას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

„ძირს მაია სანდუ“, – სკანდირებდნენ ქვეყნის დედაქალაქ კიშინოვის ცენტრში მყოფი დემონსტრანტები. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული მოქალაქეები აქციაზე პროვოკაციებს გეგმავდნენ. მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე დააკავეს.

პარტია „შორმა“ ბოლო თვეებში არაერთი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გამართა. სამართალდამცავებმა პარტიის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს.

მთავრობის საწინააღმდეგო აქციების ფონზე, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ესაუბრა და მასთან ენერგეტიკული საკითხები განიხილა. ევროკომისიის პრეზიდენტი მომავალ კვირაში მოლდოვაში ვიზიტს გეგმავს.