მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა კოსმოსში პირველი სამხედრო თანამგზავრის გაშვების ბრძანება გასცა
მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა კოსმოსში პირველი სამხედრო თანამგზავრის გაშვების ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა კოსმოსში პირველი სამხედრო თანამგზავრის გაშვების ბრძანება გასცა. კიმ ჩენ ინის განცხადებით, დაზვერვის შესაძლებლობების გაძლიერება პრიორიტეტია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის „საფრთხეების“ დასაძლევად.

ფხენიანში, საჰაერო კოსმოსური განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციაში ვიზიტის დროს ქვეყნის ლიდერმა მოითხოვა თანამგზავრების განლაგება გეგმის მიხედვით და თანამშრომლებს უბრძანა, ქვეყნის სადაზვერვო შესაძლებლობების გასაძლიერებლად სხვადასხვა ორბიტაზე ბევრი სადაზვერვო თანამგზავრი განათავსონ.

ჩრდილოეთ კორეამ გასული წლის დეკემბერში ჩაატარა სადაზვერვო თანამგზავრის „ფინალური ეტაპის“ გამოცდა და განაცხადა, რომ აპრილისთვის დაასრულებს მზადებას გაშვებისთვის. თანამგზავრის გაშვების ზუსტი დრო უცნობია.