მედიის ინფორმაციით, ხარკოვსა და მიკოლაევში რუსებმა საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, არის მსხვერპლი
მედიის ინფორმაციით, ხარკოვსა და მიკოლაევში რუსებმა საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, არის მსხვერპლი

ხარკოვსა და მიკოლაევში აცხადებენ, რომ რუსებმა საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, არის მსხვერპლი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, სინეგუბოვის თქმით, დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის შვიდი თვის ბავშვი. გარდა ამისა, დაშავდა 34 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

ასევე, მიკოლაევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ რუსების მხრიდან საცხოვრებელი რაიონების დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსებმა კიევის რაიონშიც. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აღნიშნულის შესახებ კიევის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალეკსანდრ პავლიუკმა განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის კიევის რაიონში ყოფნა საშიშია, რადგან არსებობს სარაკეტო დარტყმების გამეორების მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მისივე თქმით, ასევე მაღალი რჩება კიევის რაიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების დამრტყმელი ჯგუფების დაბრუნების შესაძლებლობაც.