მედიის ინფორმაციით, კარლეს პუჩდემონს ევროპარლამენტარის იმუნიტეტს მოუხსნიან
მედიის ინფორმაციით, კარლეს პუჩდემონს ევროპარლამენტარის იმუნიტეტს მოუხსნიან

კატალონიის ყოფილ მეთაურ კარლეს პუჩდემონს ევროპარლამენტარის იმუნიტეტს მოუხსნიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

პირველ ეტაპზე პუჩდემონისთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის მოხსნას მხარი ევროპარლამენტის კომიტეტის წევრებმა დაუჭირეს, ხოლო უკვე მომდევნო თვეში ამავე საკითხზე დაგეგმილ კენჭისყრაში ევროპარლამენტის სრული შემადგენლობა მიიღებს მონაწილეობას.

თუ ევროდეპუტატები კატალონიის ყოფილ მეთაურს იმუნიტეტს გააუქმებენ, პუჩდემონის სამართლებრივი დევნა შესაძლებელი გახდება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადიციას ბელგიის სასამართლოს თანხმობა დასჭირდება.

შეგახსენებთ, პუჩდემონი ესპანეთიდან 2017 წელს გაიხიზნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კატალონიაში ჩატარდა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, რომელსაც ესპანეთის მთავრობა არალეგიტიმურად მიიჩნევს. კატალონიის ყოფილ მეთაურს ამბოხის წაქეზებასა და ბიუჯეტიდან თანხების არამიზანშეწონილ ხარჯვაში ადანაშაულებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პუჩდემონს შესაძლოა, ცხრიდან 13 წლამდე პატიმრობა დაემუქროს.

მასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი, რომელთაც ევროდეპუტატის მანდატი ასევე მოუხსნეს. ევროდეპუტატების მიერ პუჩდემონისთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმების შემდეგ პუჩდემონმა ტელეკომპანია „ევრონიუსთან“ განაცხადა, რომ მიუხედავად კოლეგა ევროდეპუტატების ასეთი გადაწყვეტილების, ის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

„ეს საკითხი უკვე აღარ ეხება მხოლოდ კატალონიის დამოუკიდებლობას. ეს ეხება პოლიტიკური უმცირესობის მხარდაჭერას და მათ უფლებას, გამოხატონ საკუთარი აზრი“, – განაცხადა პუჩდემონმა.

პუჩდემონმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში კენჭისყრისას დარღვევები დაფიქსირდა და ამიტომ, შედეგი უნდა გაუქმდეს. კატალონიის ყოფილი მეთაური ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ესპანელი დეპუტატი მიკერძოებული იყო. მისივე თქმით, ევროკავშირი სამმა პარტიამ დაისაკუთრა და ის ხალხის ნებას აღარ გამოხატავს. მიუხედავად ამისა, პუჩდემონი ამბობს, რომ მას ევროკავშირის მომავლის სჯერა.