მედიის ინფორმაციით, ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან გახსნილ ცეცხლს პალესტინელი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
მედიის ინფორმაციით, ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან გახსნილ ცეცხლს პალესტინელი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან გახსნილ ცეცხლს პალესტინელი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

პალესტინის ხელისუფლების განცხადებით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს, ისრაელის მებრძოლების მხრიდან გახსნილ ცეცხლს 15 წლის პალესტინელი, მოჰამედ საიდ ჰამაიალი ემსხვერპლა. გარდა ამისა, დაჭრილია კიდევ ექვსი პალესტინელი.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის განცხადებით, შემთხვევა ქალაქ ნაბლუსში მოხდა, სადაც პალესტინელები ისრაელის ხელისუფლების მიერ მათ გასახლებას აპროტესტებდნენ.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პალესტინელები ხშირად აწყობენ დემონსტრაციებს მიწის კონფისკაციის, სახლების დემონტაჟის და ებრაული დასახლებების შექმნის წინააღმდეგ, რასაც ისრაელის შეიარაღებული ძალები შესაბამისი ზომების გატარებით პასუხობენ.