მედიის ინფორმაციით, ირანი ავიაკატასტროფის გამოძიებაში აშშ-ის წარმომადგენლებს ჩართავს
მედიის ინფორმაციით, ირანი ავიაკატასტროფის გამოძიებაში აშშ-ის წარმომადგენლებს ჩართავს

ირანი ავიაკატასტროფის გამოძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ჩართავს.

დასავლური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავი შესაძლოა რაკეტასთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა, თეირანმა გამოძიება გააფართოვა. მასში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატებისა და კონცერნ „ბოინგის“ წარმომადგენლებიც მიიღებენ.

ტრაგედიის მიზეზების დადგენას უკვე არსებულ საგამოძიებო ჯგუფთან ერთად აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წევრები შეეცდებიან.

ამასთან ერთად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ისინი გამოძიებაში ჩართავენ ყველა იმ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამოძიებაში უკვე მონაწილეობს 45 უკრაინელი ექსპერტი.

ავიალაინერის ბორტზე სულ 176 ადამიანი: 82 ირანელი, 63 კანადელი, 11 უკრაინელი, ასევე ავღანეთის, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფის დროს ყველა დაიღუპა.

ცოტა ხნის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა მოხვდა. მალევე კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ კანადისა და პარტნიორი ქვეყნის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ავიალაინერი ირანული რაკეტით შემთხვევით ჩამოაგდეს.