მედიის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი 12 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს მოწვევას გეგმავს
მედიის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი 12 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს მოწვევას გეგმავს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 12 იანვარს ნატო-რუსეთის საბჭოს მოწვევას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ნატო-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„შეხვერასთან დაკავშირებით რუსეთთან კონტაქტზე ვართ“, – განუცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიცილაურმა პირმა თურქულ მედიას.

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა 2 წელზე მეტია, არ გამართულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 12 იანვარს ნატო-ს გენშტაბების შეხვედრაც გაიმართება.

რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, რის გამოც რუსეთს და დასავლეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად არის დაძაბული.

ბრიუსელი მოსკოვს აფრთხილებს, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრას სერიოზული შედეგები მოჰყვება და მოსკოვს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

ნატო-რუსეთის საბჭო 2002 წელს შეიქმნა, როგორც კონსულტაციის, კონსენსუსის, თანამშრომლობის, ერთობლივი გადაწყვეტილებისა და ერთობლივი მოქმედების მექანიზმი. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ნატო-მ შეწყვიტა რუსეთთან ყოველგვარი თანამშრომლობა, მათ შორის საბჭოს საქმიანობა. თუმცა, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საბჭოში საკომუნიკაციო არხები ღია ყოფილიყო.

ამ პერიოდის შემდეგ ნატო-რუსეთის საბჭო სამჯერ შეიკრიბა 2016 და 2017 წლებში და ორჯერ 2018 და 2019 წლებში. საბჭო, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნები და რუსეთი თანაბრად არიან წარმოდგენილი, განიხილება მხარეებს შორის დიალოგის დამყარების, ინფორმაციის გაცვლის, გაუგებრობების შემცირებისა და პროგნოზირებადობის გაზრდის მნიშვნელოვან ფორუმად.