მედიის ინფორმაციით, იაპონია ჰიროსიმაში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის მიწვევას გეგმავს
მედიის ინფორმაციით, იაპონია ჰიროსიმაში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის მიწვევას გეგმავს

იაპონია ჰიროსიმაში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის მიწვევას გეგმავს. ამის შესახებ იაპონური მედია იუწყება. 19-21 მაისს დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ სამიტის წლევანდელი თავმჯდომარე სწორედ იაპონიაა.

როგორც გამოცემა „ნიკკეი“ წერს, პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას სურს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისგან პირადად მოისმინოს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. ასევე იგეგმება საკვებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების განხილვაც.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“კოორდინირებული ქმედებები მნიშვნელოვანი საკითხია იაპონიისთვის, რომელიც შესაძლოა, ჩათრეული აღმოჩნდეს ტაივანის გარშემო კონფლიქტში. იაპონიის ხელისუფლებაში თვლიან, რომ ჩინეთთან კონფლიქტის შემთხვევაში საჭიროა ოპერატიული და მკაცრი პასუხი აშშ-სა და ევროპასთან ერთად, როგორც ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვთან მიმართებაში მოხდა.