მედიის ინფორმაციით, იაკუტელი „შამანის“ მხარდამჭერებს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები დაემუქრნენ
მედიის ინფორმაციით, იაკუტელი „შამანის“ მხარდამჭერებს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები დაემუქრნენ

იაკუტელი „შამანის“ მხარდამჭერებს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები დაემუქრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიბირ რეალიის“ რედაქცია ავრცელებს. როგორც ჟურნალისტებს „შამან“ ალექსანდრ გაბიშევის მხარდამჭერთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ვიქტორ ეგოროვმა განუცხადა, ისინი წყვეტენ მოსკოვისკენ მსვლელობას.

ეგოროვის თქმით, გუშინ საღამოს მათთან ბანაკში უცნობი პირები მივიდნენ, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცემლი ეცვათ. მათ ბანაკიდან რამდენიმე ადამიანი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. სამართალდამცველებმა მათ უთხრეს, რომ თუ გაბიშევის მხარდამჭერები არ დაიშლებიან, მაშინ მათ ტერორიზმში დასდებენ ბრალს და ხვალ დილით ბანაკს შტურმით აიღებენ.

ამის შემდეგ „შამანის“ მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს მოსკოვისკენ მსვლელობა შეწყვიტონ. მეორე ვერსიით მხარდამჭერებს დაშლისკენ თავად გაბიშევმა მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ პოლიციამ იაკუტელი „შამანის“ ექვსი მხარდამჭერი დააკავა, რომელთაც მოძრაობის წესების დარღვევაში დასდეს ბრალი.

ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც საკუთარ თავს „შამანს“ უწოდებს, მოსკოვისკენ მსვლელობა ექვსი თვის წინ დაიწყო. ის აცხადებდა, რომ დედაქალაქში „პუტინის განსადევნად“ მიდის. 20 სექტემბერს გაბიშევი ირკუტსკის და ბურატიის საზღვართან დააკავეს. მის წინააღდეგ საქმე „ექსტრემიზმისკენ მოწოდების“ მუხლით აღძრეს.

უფლებადამცველ ორგანიზაცია „ემნესთი ინთერნეშენელში“ განაცხადეს, რომ იაკუტელი შამანი „სინდისის პატიმარია“.