მედიის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური 1999-2006 წლებში ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებს უთვალთვალებდა
გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური (BND) 1999-2006 წლებში ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებს უთვალთვალებდა. ამის შესახებ ავსტრიული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
კერძოდ, გამოცემები Profil და Der Standard წერენ, რომ 1999-2006 წლებში გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს სისტემატურად ჰქონდა წვდომა ავსტრიის სახელმწიფო უწყებების მონაცემებზე, რომლებიც სატელეკომუნიკაციო ქსელებით გადაიცემოდა.
საუბარია სატელეფონო ზარებზე, ასევე ფაქსითა და ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილებზე. როგორც გამოცემა Der Standard-ი აღნიშნავს, იმ უწყებებს შორის, რომელთა საქმიანობითაც დაინტერესებული იყო გერმანული დაზვერვა, ვენაში განთავსებული სამინისტროები, კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები იყო. ამას გარდა, სადაზვერვო სამსახური უთვალთვალებდა ტერორიზმში ეჭვმიტანილებსა და იარაღით მოვაჭრეებს.
გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურნენ ავსტრიის პრეზიდენტი ვან დერ ბელენი და კანცლერი სებასტიან კურცი. მათ გერმანიის ხელისუფლებას საქმის დეტალური გამოძიებისკენ მოუწოდეს. ამასთან, სებასტიან კურცმა აღნიშნა, რომ თვალთვალის მასშტაბი დიდი იყო, ვან დერ ბელენმა კი განაცხადა, რომ მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ჯაშუშობა მიუღებელია.
„ბუნებრივია, ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, ვის უთვალთვალებდნენ, როდის შეწყდა თვალთვალი და, რა თქმა უნდა, გვსურს, ვნახოთ მტკიცებულებები, რომ ეს დამთავრდა“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.