მედიის ინფორმაციით, გერმანია არალეგალური გზით გადასული მიგრანტების საქმეზე ლუკაშენკოს კავშირს იძიებს
მედიის ინფორმაციით, გერმანია არალეგალური გზით გადასული მიგრანტების საქმეზე ლუკაშენკოს კავშირს იძიებს

მედიის ინფორმაციით, გერმანია არალეგალური გზით გადასული მიგრანტების საქმეზე ლუკაშენკოს კავშირს იძიებს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის პროკურატურა ბელარუსიდან პოლონეთის გავლით გერმანიაში არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მოხვედრის საკითხთან დაკავშირებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს კავშირს იძიებს.

გერმანიის ფედერალური პოლიციის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოდან არალეგალური გზით თითქმის 4000 მიგრანტი გადავიდა ბელორუსიდან გერმანიაში. მხოლოდ ოქტომბრის პირველ კვირაში არალეგალური გზით გადასული მიგრანტების რიცხვმა 1 183 შეადგინა.

მედიის ცნობით, ერაყის და სირიის მოქალაქეებზე გაიცემა ბელარუსის სტუდენტური ვიზა, ხოლო მინსკში ჩასვლის შემდეგ მესაზღვრეებს ან პოლიციას ისინი პოლონეთის საზღვრის იმ ადგილებთან მიჰყავთ სადაც უსაფრთხოება მინიმალურად არის დაცული. პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიგრანტები დამოუკიდებლად აგრძელებენ მოგზაურობას გერმანიის მიმართულებით. ჟურნალისტების მტკიცებით, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მიგრანტები ბელარუსის მხარეს დაახლოებით 4 000 ევროს უხდიან.

აღსანიშნავია, რომ მაისის თვეში, ევროკავშირის მხრიდან ბელარუსზე დაკისრებული სანქციების საპასუხოდ, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი ხელს აღარ შეუშლის ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადასვლას. აღნიშნულის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ ლიეტუვის, ლატვიის და პოლონეთის საზღვრების გადაკვეთის ფაქტები.

8 ოქტომბერს, ევროკავშირის 12 წევრი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, მათ შორის პოლონეთმა, ევროკომისიას სასაზღვრო ღობეების მშენებლობისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა სთხოვეს, არალეგალური გზით გადასული მიგრანტების ნაკადის გასაკონტროლებლად.