მედიის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რუსმა სამხედროებმა ხარკოვში, დონეცკის ოლქში, ნიკოლაევსა და ხერსონში სარაკეტო დარტყმები განახორციელეს
მედიის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რუსმა სამხედროებმა ხარკოვში, დონეცკის ოლქში, ნიკოლაევსა და ხერსონში სარაკეტო დარტყმები განახორციელეს

რუსმა სამხედროებმა კვლავ ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

ამასთან, ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი აცხადებს, დილიდან დაიბომბა ავტობუსის გაჩერება, ასევე მრავალსართულიანი კორპუსის ეზო. სარაკეტო იერიშების შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მისამართით ცეცხლის გახსნამ რუსი აგრესორის მხრიდან სისტემატური ხასიათი მიიღო. დღეს, 07:10 საათზე კვლავ დაიჭრა ადამიანი, რომელიც ავტობუსს ელოდებოდა. ის სასწრაფომ წაიყვანა. სულ სალტოვსკის რაიონში რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. მრავალსართულიანი საცხოვრებლის ეზოში ასევე დაშავდა ადამიანი და დაზიანდა ავტმობილები“, – აცხადებს ტიხონოვი.

ამასთან, დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო აცხადებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების მიერ გახსნილ ცეცხლს დონეცკის ოლქში სამი ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. აქედან ორი დაღუპულია ბახმუტში, რომლის დასაკავებლადაც რუსეთის ძალები უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურ მოქმედებებს აწარმოებენ.

ღამის განმავლობაში სამი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ნიკოლაევზე. ქალაქის მერის ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი. ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმა სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელდა.

ამასთან, ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს ცნობას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსული სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და ცოცხალი ძალის ეშელონი გაანადგურეს.