მედიის ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა კანონი „საბჭოთა ძეგლების დანგრევის შესახებ“ არ დაამტკიცა
მედიის ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა კანონი „საბჭოთა ძეგლების დანგრევის შესახებ“ არ დაამტკიცა

ესტონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება კანონის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის გამო არ დაამტკიცა.

საუბარია 15 თებერვალს ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე „სამშენებლო კოდექსის შესრულების შესახებ“, „გეგმარების შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონებში.

ესტონეთის პრეზიდენტის მიერ მითითებულ მუხლში ნათქვამია: „შენობის საჯაროდ ხელმისაწვდომმა ნაწილმა, ისევე როგორც საჯაროდ გამოფენილმა ძეგლებმა, ქანდაკებებმა, მემორიალებმა და სხვა მსგავსმა ნივთებმა, არ შეიძლება, გამოიწვიოს სიძულვილი, მხარი დაუჭიროს ან გაამართლოს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულები ან აგრესიის აქტი, გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ან ომის დანაშაულები“.

ალარ კარისმა თავის გადაწყვეტილებაში დაწერა, რომ, განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონის მიზანია, აკრძალოს და საჯარო სივრციდან ამოიღოს ისეთი ობიექტები, რომლებიც არღვევს საზოგადოების სამართლიანობის გრძნობას ან საფრთხეს უქმნის ესტონეთის უსაფრთხოებას.

„ეს არის ლეგიტიმური მიზანი, მაგრამ აკრძალული ობიექტები კანონში მითითებულია ისეთი გამონათქვამით, რომელიც არ შეიძლება, ცალსახად იქნას განმარტებული ინტერპრეტაციის ზოგადად მიღებული მეთოდების გამოყენებით“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მედიის ცნობით, კანონის ახსნა-განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ საბჭოთა ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებული ობიექტები, პირველ რიგში, აკრძალულია. ალარ კარისის თქმით, „თავად აკრძალვა ბევრად უფრო ფართოდ არის ჩამოყალიბებული, ასეთ ვითარებაში კანონის აღმასრულებელმა უნდა გააკეთოს ვარაუდები იმის შესახებ, რა იგულისხმება რეალურად“.

„თუმცა, სამართლებრივი სიცხადის პრინციპი მოითხოვს, რომ კანონი იყოს საკმარისად მკაფიო და გასაგები, რათა ყველამ შეძლოს, წინასწარ განსაზღვროს სახელმწიფოს ქმედებები და შეცვალოს თავისი ქმედებები შესაბამისად,“ – განაცხადა ალარ კარისმა.