მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაური რუსეთში შვეიცარიის ელჩს თრუსოს ხეობაზე ესაუბრა
მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაური რუსეთში შვეიცარიის ელჩს თრუსოს ხეობაზე ესაუბრა

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა, ვიაჩესლავ ბიტაროვმა, რუსეთში შვეიცარიის ელჩთან, ივ როსიესთან შეხვედრისას თრუსოს ხეობაზე ისაუბრა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „კომინფის“ ინფორმაციით, შვეიცარიელი დიპლომატი ვლადიკავკაზში იმყოფებოდა. ვიაჩესლავ ბიტაროვმა ივ როსიეს უთხრა, რომ შვეიცარიამ საქართველოს ორჯერ გადასცა რუსეთის მიმართვა, ნება დართოს ჩრდილო ოსეთის მცხოვრებლებს მოინახულონ საქართველოს აღნიშნული რაიონი.

„აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის, ჩრდილოეთ ოსეთისთვის, „თრუსოს საკითხი“ უპირველესად ჰუმანიტარული პრობლემაა. ეს არის ელემენტარული ადამიანური უფლებების საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მშობლიური სოფლის მონახულების შესაძლებლობასთან, ტრადიციული დღესასწაულების აღნიშვნასთან, უძველესი სასაფლაოების მონახულებასთან, რომლებსაც ასევე სჭირდებათ ზრუნვა“, – განუცხადა ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა შვეიცარიელ დიპლომატს.

კომინიფის“ თანახმად, თავის მხრივ ივ როსიემ აღნიშნა, რომ საკითხის მოსაგვარებლად საჭირო ძალისხმევას არ დაიშურებს.