მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადეს
მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადეს

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ქვეყანამ წარმატებით გამოსცადა ახალი ზებგერითი რაკეტა Hwasong-8, რომელიც თავდაცვის 5-წლიანი განვითარების გეგმაში შემავალი შეიარაღების სისტემის ხუთ ყველაზე მნიშნელოვან იარაღს შორის შედის.

სახელმწიფო მედიამ რაკეტას სტრატეგიული იარაღი უწოდა, რაც რაკეტის ბირთვულ პოტენციალზე მეტყველებს. ეს ამ თვეში ჩრდილოეთ კორეის მიერ მესამე სარაკეტო გამოცდაა.

ცოტა ხნის წინ ქვეყანამ ფრთოსანი და ახალი ბალისტიკური რაკეტები გამოცადა. გარდა ამისა, სამხრეთ კორეის ცნობით, გასულ დღეს ჩრდილოეთ კორეამ დაუდგენელი სახეობის რაკეტა გაისროლა აღმოსავლეთ სანაპიროდან ზღვის მიმართულებით. ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეა ეროვნულ თავდაცვას ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვისთვის ავითარებს.