ბულგარეთი რუს დიპლომატს აძევებს
ბულგარეთი რუს დიპლომატს აძევებს

ბულგარეთი რუს დიპლომატს აძევებს. ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს ქვეყნის დატოვებისთვის 72 საათი მისცა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბულგარელმა პროკურორებმა დაადგინეს, რომ რუსი დიპლომატი 2017 წლიდან ჯაშუშობდა.

სოფიაში განთავსებულ რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ დიპლომატის გაძევება უსაფუძვლოა და მოსკოვი საპასუხო მოქმედების უფლებას იტოვებს.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ რუსი დიპლომატი ეძებდა მგრძნობიარე სამხედრო ინფორმაციას, მათ შორის ბულგარეთში სამხედრო წვრთნების დროს განლაგებული აშშ-ის ჯარების რაოდენობის შესახებ. ამასთან, ბულგარეთის პროკურატურაში ამბობენ, რომ რუსი დიპლომატი კავშირში იყო ბულგარეთის მოქალაქესთან საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ფული შესთავაზა.

რუსი დიპლომატი მეექვსე იქნება, რომელსაც ნატო-ს წევრი ბულგარეთი 2019 წლის ოქტომბრიდან ჯაშუშობის ბრალდებით გააძევებს.