მედიის ინფორმაციით, ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს
მედიის ინფორმაციით, ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს

ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს. შემთხვევა ქვეყნის მთავრობასა და მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. თავდასხმის შედეგად მოსამართლეების მანქანის მძღოლი დაიჭრა. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:30 საათზე მოხდა. საქმეს უსაფრთხოების ძალები იძიებენ.

„თალიბანის“ პრესსპიკერის თქმით, თავდასხმაში მოძრაობის წევრები არ მონაწილეობდნენ. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა განცხადება გაავრცელა, სადაც „თალიბანის“ და სხვა სამხედრო ჯგუფების მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები დაგმო. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, „ტერორი, საშინელება და დანაშაული“ ავღანეთის პრობლემის გამოსავალი არ ყოფილა.

ორივე მხარის წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების არსებითი პროგრესი მხოლოდ მას შემდეგ მიიღწევა, რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თანამდებობას დაიკავეს და ცნობილი გახდება ავღანეთთან დაკავშირებული მისი პოლიტიკა.

პენტაგონის ინფორმაციით, 2001 წლის შემდეგ, ავღანეთში აშშ-ის ჯარების ყველაზე მცირე რაოდენობა – 2 500-მდე ჯარისკაცია წარმოდგენილი.