მედიის ინფორმაციით, აშშ უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და დამატებით იარაღის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს
მედიის ინფორმაციით, აშშ უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და დამატებით იარაღის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის პოტენციური შეჭრის საშიშროების გამო, უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და დამატებითი იარაღის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ უკრაინისთვის „ჯაველინის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების და ნაღმტყორცნების ახალი პარტიის გაგზავნას გეგმავს.

ასევე განიხილება პორტატული საზენიტო-სარაკეტო სისტემების „სტინგერის“ და რუსეთიდან ადრე შეძენილი „მი-17“-ის ტიპის ვერტმფრენების გაგზავნა, რომლებიც თავდაპირველად ავღანეთის არმიისთვის იყო განკუთვნილი.

გარდა ამისა, მედიის თქმით, ამერიკული მხარე ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სანქციების ახალი პაკეტის შემუშავებასთან დაკავშირებით.

„სიენენის“ ინფორმაციით, რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კანონმდებლებმა კონგრესში 2022 წლის ეროვნული თავდაცვის აქტში ცვლილების შეტანის შესახებ წინადადება წარადგინეს, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან რუსეთის ოფიციალურ პირებზე, მათ შორის ვლადიმერ პუტინზე და რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ცვლილების შესახებ წინადადება ჯერჯერობით განხილვის პროცესშია. გასულ დღეს, თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეშფოთებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებით და ვითარების განხილვის კუთხით, ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინასთან აქტიურ საუბრებს მართავენ. გარდა ამისა, ჯენ პსაკის ცნობით, უკრაინასთან და აშშ-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით, საუბრები რუსეთის ოფიციალურ პირებთანაც გაიმართა.

უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზების შესახებ ინფორმაცია, მედიაში გავრცელდა ოქტომბრის თვეში. გამოქვეყნდა სატელიტური სურათები, რომლებზეც სავარაუდოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების ტექნიკის და სამხედროების მობილიზებაა ასახული სმოლენსკის ოლქის ქალაქ ელნიასთან, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და პრეზიდენტმაც განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 90 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა. რამდენიმე დღის წინ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმას მომავალი წლის იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში ვარაუდობენ.