მედიის ინფორმაციით, აშშ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გლობალურ ინციატივაში არ ჩაერთვება
მედიის ინფორმაციით, აშშ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გლობალურ ინციატივაში არ ჩაერთვება

აშშ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გლობალურ ინციატივაში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„დონალდ ტრამპის მეთაურობით, ვაქცინისა და თერაპიის კვლევა, განვითარება და კლინიკური ცდები უპრეცედენტო სიჩქარით მიმდინარეობს, რათა წარმოვადგინოთ ნოვატორული, ეფექტური წამლები, რომლებიც იქნება უსაფრთხო, კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნება და მათი ხელმისაწვდომობა ბიუროკრატიამ არ უნდა შეაკავოს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ვირუსი დავამარცხოთ, მაგრამ ჩვენ ვერ შეგვაფერხებს მულტილატერალური ორგანიზაციები, რომლებიც კორუფციული და ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გავლენით მოქმედებენ“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

საქმე ეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, წარმოებას და ყველა ქვეყანაში თანაბრად დისტრიბუციას გულისხმობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ძალისხმევაში ჩართვას 170-ზე მეტი სახელმწიფო აპირებს.