მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი 15 ნოემბერს კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი 15 ნოემბერს კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი 15 ნოემბერს კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, მისი ვიზიტი უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის დღეს შედგა. როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, სარაკეტო დარტყმების დროს უილიამ ბერნსი აშშ-ის საელჩოში უსაფრთხოდ იმყოფებოდა.

„ვაშინგტონ პოსტი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ კიევში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტმა დაადასტურა აშშ-ის ხელისუფლების მტკიცე მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კიევში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ორშაბათს, უილიამ ბერნსი ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.