მედიის ცნობით, ყაზახეთმა და თურქეთმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
მედიის ცნობით, ყაზახეთმა და თურქეთმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ყაზახეთმა და თურქეთმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

არსებული ცნობებით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა თურქეთში ვიზიტისას ხელი მოაწერა დოკუმენტს „ყაზახეთსა და თურქეთს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ“.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ხელმოწერილი საერთო დეკლარაციის წყალობით, ორი ქვეყნის პარტნიორობამ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეს მიაღწია.

„თურქეთი და ყაზახეთი ორი მოძმე ქვეყანაა. ჩვენ, თურქეთი, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ყაზახეთში სტაბილურობასა და მშვიდობას“, – განაცხადა ერდოღანმა თოყაევთან შეხვედრისას.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, ვიწრო ფორმატში პრეზიდენტებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.

„ჩვენი შეხედულებები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე, ერთმანეთს ემთხვევა. თქვენ ასევე იცით, რომ ჩვენ თავიდანვე მჭიდროდ ვმუშაობდით უკრაინის ომის დასასრულებლად“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთისა და თურქეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა საერთო ჯამში 14 დოკუმენტს მოაწერეს ხელი. მათ შორისაა მემორანდუმი მასმედიის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე, შეთანხმებები ტვირთის საერთაშორისო კომბინირებული ტრანსპორტირებისა და საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებაზე, მემორანდუმი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე.

მედიის ცნობით, 2019 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ, პრეზიდენტი თოყაევი სახელმწიფო ვიზიტით პირველად ეწვია თურქეთს. მისი ვიზიტი რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე ხორციელდება. როგორც მედია წერს, უკრაინაში შეჭრისას ყაზახეთმა რუსეთის მხარდაჭერაზე უარი თქვა და 9 მაისს ადგილობრივმა ხელისუფლებამ აკრძალა ისეთი რუსული სიმბოლოების გამოყენება, როგორებიც არის „წმინდა გიორგის ლენტი“ ან ნიშანი „Z“.