მედიის ცნობით, ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა, რომლის გამოყენებაც ომშია შესაძლებელი
მედიის ცნობით, ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა, რომლის გამოყენებაც ომშია შესაძლებელი

ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა, რომლის გამოყენებაც ომშია შესაძლებელი.

ყაზახური მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ, კაირათ ტორებაევმა განაცხადა.

„ჩვენ ვახორციელებთ ყველა საქონლის ექსპორტს, გარდა იმათი, რომლებიც ომს უკავშირდება. მათზე დაწესებულია შეზღუდვები. ეს არის საქონლის 106 სახეობა, მათი ექსპორტი ჩვენ მთლიანად ავკრძალეთ“, – განაცხადა ტორებაევმა, რომლის კომენტარსაც ყაზახური სააგენტო „კაზტაგი“ ავრცელებს.

ექსპორტის აკრძალვა ვრცელდება ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა დრონები, ჩიპები, ელექტრომოწყობილობები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ომის მიმდინარეობისას.

ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული 106 სახეობა ყაზახეთში არ იწარმოება და ყაზახეთის გავლით ამ პროდუქციის რეექსპორტი ხდებოდა.