მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანი უნგრეთის სათავეში ყოფნას 2034 წლამდე აპირებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ქვეყნის სათავეში ყოფნას 2034 წლამდე აპირებს. როგორც უნგრული მედია იუწყება, ამის შესახებ მან პარტია „ფიდესის“ წევრებსა და მხარდამჭერებს განუცხადა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, კორონავირუსის პანდემიამ და ომმა მას ოთხი წელი დააკარგინა. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავრობის პოპულარობა ბოლო პერიოდში შემცირდა, ის მაინც არ არის ისეთი დაბალი, როგორც ევროპის სხვა მმართველი პარტიების.
ორბანმა „ფიდესის“ პოპულარობის დაკარგვის მთავარ მიზეზად ეკონომიკური სიძნელეები დაასახელა და თქვა, რომ საზოგადოება აქამდე მუდმივ ეკონომიკურ ზრდას იყო მიჩვეული.
მედიის ცნობით, ამავე შეხვედრაზე, ორბანმა ქვეყნის განვითარების გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც 15 პუნქტისგან შედგება.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, ამ გეგმის მისაღწევად ერთ-ერთი ნაბიჯი ითვალისწინებს პაქსის ატომური ელექტროსადგურისთვის, რუსულის ნაცვლად, ფრანგული საწვავის მიწოდებას.