მედიის ცნობით, ვენესუელა აშშ-ის სანქციების გვერდის ავლას რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ საშუალებით ახერხებს
მედიის ცნობით, ვენესუელა აშშ-ის სანქციების გვერდის ავლას რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ საშუალებით ახერხებს

ვენესუელა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ საშუალებით ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ლათინური ამერიკის ქვეყნის სახელმწიფო კონცერნი „პეტროლეუს დე ვენესუელა“  (PDVSA)  ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით არსებულ ანგარიშფაქტურებს „როსნეფტს“ გადასცემს.

როგორც „როიტერმა“ ანონიმური წყაროსგან გაარკვია, ასეთი შესყიდვები დაახლოებით 30-დან 90 დღის ვადით ხორციელდება. თუმცა რუსული სახელმწიფო კომპანია ფასდაკლებულ თანხას შეთანხმებების გაფორმებისთანავე რიცხავს, შემდეგ კი მყიდველისგან ნავთობის სრული ღირებულების საფასურს იღებს.

ამ ოპერაციების დიდი ნაწილი რუსული  „ევროფინანს მოსნარბანკის“ გავლით ხორციელდება. აღნიშნული კომპანია კი „პეტროლეუს დე ვენესუელას“  50 პროცენტს ფლობს.

ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიკოლას მადუროს რეჟიმის მხარდაჭერის გამო, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
„როიტერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ამ ოპერაციებში მონაწილეობას რიგი ენერგოკომპანიები იღებენ. მათ შორის არის ინდური კომპანია „რელაიენს ინდასტრი“, რომელიც ვენესუელურ ნავთობს რუსული კომპანიის დახმარებით ყიდულობს.

აშშ-მა ვენესუელას ნავთობის სექტორის წინააღმდეგ სანქციები 2019 წლის 28 იანვარს დააწესა.