მედიის ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრად პეტერ სიიარტოს ყოფნის პერიოდში უწყების თანამშრომლებს ბრიფინგებზე ჟურნალისტებად თავის გასაღებას აიძულებდნენ

19:12, 10.08.2026

უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს პრესკონფერენციებზე, მედიის წარმომადგენლების ნაცვლად, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებიც თავს ჟურნალისტებად ასაღებდნენ და ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს დარბაზი სავსე იყო. ამის შესახებ გამოცემა „444“-ს წყაროებმა აცნობეს.

მედიის ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების თქმით, პეტერ სიიარტოს პრესკონფერენციებზე უწყების თანამშრომლებს იმისთვის იწვევდნენ, რომ დარბაზში ცარიელი ადგილები არ გამოჩენილიყო, რადგანაც უნგრული მედიის უმეტესობას ამ ღონისძიებებზე არ უშვებდნენ.

გამოცემა წერს, რომ მინისტრის აპარატი სამინისტროს ცალკეული დეპარტამენტების ხელმძღვანელებს უგზავნიდა წერილს, რომელშიც ეწერა, რომ რამდენიმე დღეში სიიარტო საკონფერენციო დარბაზში უცხოელ კოლეგასთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავდა და მასზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მიწვეულები.

წერილში ასევე მითითებული იყო, რამდენ ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა პრესკონფერენციაში, ხოლო დეპარტამენტების ხელმძღვანელებს ავალებდნენ, წინასწარ ეცნობებინათ, კონკრეტულად ვინ დაესწრებოდა პრესკონფერენციას.

თანამშრომლების თქმით, მათგან უპირველესად მოითხოვდნენ 50–60-ადგილიანი დარბაზის შევსებას. მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ისიც, რომ პრესკონფერენციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ყველას თავისი ადგილი დაეკავებინა და სიიარტოს მისვლამდე ყველა ჩუმად ყოფილიყო. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი არავის ჰქონდა უფლება, მინისტრის დარბაზიდან გასვლამდე წამომდგარიყო.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, დეპარტამენტები და სამდივნოები პრესკონფერენციებზე იმ კოლეგებს აგზავნიდნენ, რომლებსაც სამუშაო დატვირთვა ამის საშუალებას ყველაზე მეტად აძლევდა. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლებოდა, რომ რეგიონზე ან კონკრეტულ სფეროზე პასუხისმგებელი თანამშრომელიც დასწრებოდა ღონისძიებას წმინდა პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე.

ბევრ დეპარტამენტში ხელმძღვანელები თანამშრომლებს ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ვინმე, ვისაც ღონისძიებაზე დასწრება აინტერესებდა. თუ მსურველი არ გამოჩნდებოდა ან მათი რაოდენობა საკმარისი არ იყო, ხდებოდა „იძულება“.

მედიის ცნობით, სიიარტოს პრესკონფერენციებზე ჟურნალისტები პრაქტიკულად არ იყვნენ, რადგან დამოუკიდებელ რედაქციებს, რომლებსაც კითხვებით ღონისძიების ჩაშლა შეეძლოთ, მოსაწვევებს არ უგზავნიდნენ.

„ხშირად მხოლოდ ერთი ჟურნალისტი იყო იქ უნგრეთის საინფორმაციო სააგენტოდან. ერთხელ საკუთარი თვალით ვნახე, როგორ კარნახობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი მას, კონკრეტულად რა უნდა ეკითხა“, – განაცხადა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ცნობისთვის, მანამდე უნგრული მედია წერდა, რომ უნგრეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, პეტერ სიიარტოს, შესაძლოა, სამ წლამდე პატიმრობა დაემუქროს ქრთამის მიღების საქმეზე. ასევე, უნგრეთში დაიწყო გამოძიება ელექტრომობილების ჩინური მწარმოებლის, BYD-ის სახელმწიფო სუბსიდიებთან დაკავშირებით. ეს ის  კომპანიაა, სადაც პარლამენტიდან წასვლის შემდეგ სიიარტო დასაქმდა.

გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ სიიარტოს რუსეთთან კავშირების საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

მსგავსი