მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავზე დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს დააწესებს
მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავზე დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს დააწესებს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავზე დიდი ბრიტანეთი ახალ სანქციებს დააწესებს.

„როიტერის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთი აკრძალავს ქვეყანაში იმ პირების შესვლას, რომლებიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ რუსეთის სახელმწიფოს ან სიმდიდრე რუსეთის სახელმწიფოს დახმარებით დააგროვეს.

სანქციები ასევე შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებსაც რუსეთის მაღალჩინოსნებთან აქვთ კავშირი. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. შავ სიაში, შესაძლოა, მოხვდეს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი.

დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა, დენ ჯარვისმა განაცხადა, რომ გზავნილი პუტინის მეგობრებისთვის მარტივია: „თქვენ დიდ ბრიტანეთში არ მოგესალმებიან“.

„დღეს გამოცხადებული ზომები კარს უხურავს ოლიგარქებს, რომლებიც გამდიდრდნენ რუსი ხალხის ხარჯზე, აფინანსებდნენ რა ამ უკანონო და გაუმართლებელ ომს“, – განაცხადა ჯარვისმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აშშ-ში ვიზიტით ჩავლენ. მოსალოდნელია, რომ მაკრონი და სტარმერი შეეცდებიან ტრამპის დარწმუნებას, აშშ-მ მხარი დაუჭიროს უკრაინაში ევროპული სამშვიდობო მისიის დისლოცირების გეგმას. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიუღებელი იქნება ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე.