მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თათრეთში ნავთობის სატუმბ სადგურზე იერიში მიიტანა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თათრეთში ნავთობის სატუმბ სადგურზე მიიტანა იერიში, ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს.
როგორც უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის შემადგენლობაში შემავალ თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმეტიევსკის მახლობლად, ნავთობის სატუმბ სადგურ „კალეიკინოს“ შეუტიეს.
ეს ინფორმაცია წყარომ „ბიბისის“ უკრაინულ სამსახურსაც დაუდასტურა.
სადგური მდებარეობს რუსეთისა და უკრაინის საზღვრიდან ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე. ის იღებს დასავლეთ ციმბირში მოპოვებულ ნავთობს და მას ნავთობსადენ „დრუჟბას“ აწვდის. სადგური ეკუთვნის რუსულ კომპანია „ტრანსნეფტს“.
წყაროს ცნობით, დარტყმის შედეგად ექვსი აფეთქება მოხდა და ნავთობით სავსე რამდენიმე რეზერვუარი დაიწვა. ღამით ადგილობრივი ტელეგრამარხები სადგურის რაიონში აფეთქებების შესახებ წერდნენ.
ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უპილოტო აპარატის ნამსხვრევები ჩამოვარდა სამრეწველო ზონაში და გაჩნდა ხანძარი. ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.