მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებს „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებს „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რუსული კორპორაციის, „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესონ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი გამოაცხადა.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის საგარეო უწყება გმობს პუტინის მცდელობას, კონტროლი დაამყაროს ბირთვულ სადგურზე და მას დანაშაულს უწოდებს, რომელიც ბირთვული უსაფრთხოების სფეროში რისკებსა და საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის.

„ვთავაზობთ ევროკავშირს, „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებს და სხვა პარტნიორებს, დაუყოვნებლივ განიხილონ სანქციების დაწესება რუსული სახელმწიფო კორპორაციის „როსატომის“, მასთან აფილირებული კომპანიების და ინსტიტუტების, ასევე რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის სხვა საკვანძო ფაქტორების წინააღმდეგ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინული მხარე ასევე მოუწოდებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, შეზღუდოს რუსეთთან თანამშრომლობა ნებისმიერი პროექტის ფარგლებში, რადგან მოსკოვი ღია ბირთვულ შანტაჟს მიმართავს.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა. განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის.