მედიის ცნობით, უკრაინიდან საზღვაო გზით ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით, თურქეთი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უახლოეს დღეებში ელოდება
თურქეთი უკრაინიდან საზღვაო გზით ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უახლოეს დღეებში ელოდება.
თურქული გამოცემა „ანადოლუს“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა მადრიდში ვიზიტისას განაცხადა.
კალინის თქმით, საბაზისო საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც, ხორბლის ექსპორტის ოპერაციის დაწყებას 3-5 კვირა დასჭირდება.
თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოსალოდნელია მომავალ კვირაში თურქეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის დროს.
ერდოღანის სპიკერის თქმით, გრძელდება კონსულტაციები ტვირთების გადასატანად გემების მიმოსვლის კოორდინაციასთან, ასევე მექანიზმის კოორდინაციასთან დაკავშირებით, რომლის შექმნა თურქეთის, უკრაინის, რუსეთისა და გაერო-ს მონაწილეობით იგეგმება. იბრაჰიმ კალინის განცხადებით, ზოგადად ატმოსფერო პოზიტიურია.
როგორც კალინმა აღნიშნა, უკრაინულმა მხარემ უნდა იმუშაოს ოდესის პორტების განაღმვაზე. ამასთან, არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური მოლოდინები, რომ რუსეთის ხომალდები არ შევლენ ამ პორტებში.
„საერთაშორისო საზოგადოება უკვე მიდის ამ მიმართულებით. თურქეთი ამ პროცესში კრიტიკულ როლს შეასრულებს. უახლოეს დღეებში ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ამ საკითხზე. ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით გრძელდება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის სპრესპიკერმა.
იბრაჰიმ კალინის ინფორმაციით, მოსალოდნელია ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროში ექსპერტების შეხვედრა.