მედიის ცნობით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 641-მდე გაიზარდა
მედიის ცნობით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 641-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 641-მდე გაიზარდა.

როგორც მედია წერს, აქედან, სულ მცირე, 245 ადამიანი თურქეთის შვიდ პროვინციაშია დაღუპული, 237 სირიის მხარეს, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 150-მდე კი მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ორივე ქვეყანაში დაშავებულია ათასობით ადამიანი. მხოლოდ გაზიანთეფსა და კარამანმარასის პროვინციებში 900-მდე საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

საავადმყოფო ჩამოინგრა ისკანდერუნში. შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 4:17 საათისთვის მოხდა, ეპიცენტრი მიწისქვეშ თითქმის 18 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.